ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ, კრიმინალების ადგილი პარლამენტში არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი დგება.
აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძე ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ნიკა მელიას მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა.
„ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში არის შესული განაჩენი, რადგან საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის საბოლოო, ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, არის პირდაპირი საფუძველი იმისთვის, რომ დეპუტატს შეუწყდეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება. „ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში. აქ რომ იყოს პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბარი, ბუნებრივია, შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია და ხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან არ გვაქვს საქმე. ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. „ამ საკითხს აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ბუნებრივია, პარლამენტში არის იმაზე მეტი კრიმინალი, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელიაა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს“ ,- განაცხადა ირკლი კობახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.