ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მელიამ იმოქმედა სწორედ ისე, როგორც ეს აწყობდა არა სახელმწიფოს ან თვითონ მელიას, არამედ სააკაშვილს.

„დღეს მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის აბსოლუტურად განულებული. მან გააკეთა უმარტივესი განცხადება – „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, სახელმწიფომ კი ის დაიჭირა. სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობისთვის მას საკადრისი პასუხი უკვე გაეცა. აქედან გამომდინარე, მელია, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, არის აბსოლუტურად განულებული. დღეს რას გააკეთებს მელია ან რას იტყვის სააკაშვილი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველამ დაინახა, რომ მელია ნულია როგორც პოლიტიკოსი და სააკაშვილიც არის ნული როგორც პოლიტიკოსი. მათ სიტყვას ან ქმედებას არანაირი ფასი აღარ აქვს. პროცესები გაგრძელდება ისე, როგორც ეს აწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს“, – განაცხადა კობახიძემ.