ჩვენთვის მთავარი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი, ასევე, მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფა – ეს არის ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, დაისვა კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
„გვქონდა შეხვედრა NDI-ის დამკვირვებლებთან. გავაცანით წინასაარჩევნო გარემო, ვისაუბრეთ კონკრეტულ დეტალებზეც, რომელიც დაკავშირებულია წინასაარჩევნო გარემოსთან. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი, ასევე, მშვიდობიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფა.
ეს არის ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და ჩვენ ვმოქმედებთ, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად. იყო დასმული გარკვეული კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა ზუსტი პასუხები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.