ირაკლი კობახიძე - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარვმართავთ
ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის ანგარიშს, სახელწოდებით „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების ფონზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ნატო-ში გაწევრიანება, ასევე ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ პროცესს წარვმართავთ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების ფონზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ესაა ჩვენი მკაფიო პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ და ასევე მკაფიო ხედვის საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი პოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის წყალობით, ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონეა შენარჩუნებულია.
„ქვეყანას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ამ მკაფიო ხედვის საფუძველზე, ვახერხებთ მუდმივ წინსვლას და ევროკავშირის მიმართულებით. ასევე, ვახერხებთ ქვეყანაში სტაბილურობის მაღალი დონის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სვლას. ჩვენი პოლიტიკის წყალობით, შეიცვალა ვითარება, რომელიც გვქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, ამას ღიად ვიტყვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამ პოლიტიკის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურობის ძალიან მაღალ ხარისხს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
Heritage Foundation-ის პუბლიკაციაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს მიერ ნატო-სთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა, თავი შეეკავებინა დასავლეთთან კავშირების გამყარებისგან.
ანგარიშის ავტორთა თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.