ირაკლი კობახიძე - ნარკოპოლიტიკაზე პოზიციები თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ, არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ვფიქრობ, კონსენსუსს მივაღწევთ
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ დეტალებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა მიზანი არის საერთო – ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში.
„ჩვენ თვის ბოლომდე პოზიციები უნდა შევაჯეროთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამისთვის დაახლოებით ორი კვირა გვაქვს. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა მიზანი საერთოა, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე ჰუმანური პოლიტიკის წარმოება და ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს კონსენსუსის მიღწევის რესურსი. მთავარია, აქტიურად ვიმუშაოთ და ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში, შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას გუნდის შიგნით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
„მთავარია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება, ეს არის ყველას საერთო მიზანი. მთავარია ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება აღნიშნული მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციების სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს მიზანი მიღწეული იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.