ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს, ხაბეიშვილის, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, კანონპროექტებთან დაკავშირებულ პროცესებზე მიყოლას ვერ ახერხებენ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონპროექტები ისე მიიღო, რომ ამაში არ იყო ჩართული „ნაცმოძრაობა“. კობახიძის თქმით, არ იცის, ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას.
ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას დიდი ფასი არ აქვს, რადგან მათ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ და კანონპროექტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებზე მიყოლას ვერ ახერხებენ.
„რეალურად, ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი. შესაბამისი კანონპროექტები არის მიღებული. ისე მივიღეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტი, რომ ამაში არ იყო ჩართული „ნაცმოძრაობა“. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას, არ ვიცი. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რეალურად ისინი იქნებიან ქუჩაში თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის რესურსი აქვთ და არც პარლამენტის. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ცხოვრებაში მათ მონაწილეობას რაიმე დიდი ფასი არ აქვს. ხაბეიშვილის ინტელექტი იცით, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, სხვების ინტელექტი იცით, ხომ? ანუ, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად მიყოლას იმ პროცესებზე, რაც კანონპროექტების მიღებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა.