ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება ნათელ, ევროპულ მომავალს, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივი მუხრუჭის, რისკის პირობებში ცხოვრობდეს
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება ნათელ, ევროპულ მომავალს, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივი მუხრუჭის, რისკის პირობებში ცხოვრობდეს

„ნაცმოძრაობის“ გასამართლება სჭირდება სწორედ ჩვენი ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს. სწორედ ამისთვის, მომავლისთვის არის აუცილებელი „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი რისკის პირობებში იყოს ქვეყანა.

„რა თქმა უნდა, ქვეყანა ამის გარეშეც ვითარდებოდა მთელი ამ 12 წლის განმავლობაში და, მათ შორის, მცხეთაში, საარჩევნო შეკრებაზე ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ქვეყანას. მაგალითად, 28 მილიარდი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როცა „ნაცმოძრაობამ“ დატოვა ხელისუფლება და დღეს არის მიღწეული თითქმის 90 მილიარდს. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევა. შესაბამისად, სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. შემოღებული იქნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური პაკეტის მოცულობა და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, ქვეყანა მის გარეშეც ვითარდებოდა, მაგრამ, განვითარების კუთხით, გარკვეული დაბრკოლება ყოველთვის ექმნება ქვეყანას, როდესაც ასეთი არაჯანსაღი ოპოზიციაა, რომელიც მუდმივად გესაუბრება ხან რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული პრობლემა; მეორეც, ზოგადად არის მნიშვნელოვანი, რომ სტაბილურობა გქონდეს. შენს ქვეყანაში ოპოზიციას უცხოური აგენტურა თუ წარმოადგენს, რომელიც მუდმივად არის მომართული ომისკენ, ქვეყნის არევისკენ, რა თქმა უნდა, რისკები მუდმივად იარსებებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის არის აუცილებელი, გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“. ქვეყანა ისედაც განაგრძობს განვითარებას, მაგრამ იმისათვის, რომ შეუფერხებელი იყოს განვითარების პროცესი, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება არის აუცილებელი. არ შეიძლება, მუდმივი მუხრუჭის, მუდმივი რისკის პირობებში ცხოვრობდეს ქვეყანა. „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს სწორედ იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი, ევროპული მომავალი“, – განაცხადა კობახიძემ.