ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ არც ერთი სცენარის პირობებში არ მივცემთ ჩვენი მოსახლეობის დაზარალების საშუალებას, ამაზე ვართ პასუხისმგებლები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არც ერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას არ მისცემენ. მისივე თქმით, ოცივე მუნიციპალიტეტში არჩევნები უნდა მოიგოს „ქართულმა ოცნებამ“.
„არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ არ მივცემთ „ნაცმოძრაობას“ ხალხის დაზარალების საშუალებას. მაგალითად, იმის საშუალებას, რასაც გიგი უგულავა აკეთებდა 2012-2014 წლებში, როდესაც საბოტაჟით დააზარალა თბილისელები და ნაცვლად ინფრასტრუქტურის, ასევე სხვა საკითხებისა, მთელი თანხები მიმართა საკუთარი აქტივის დასაქმებაზე. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ ჩვენ „ნაცმოძრაობას“ არც ერთ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ოცივე შემთხვევაში უნდა მოვიგოთ არჩევნები.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არც ერთ შემთხვევაში არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმავეს მოლოდინი არ გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით, არსებობს კონკრეტული გამოცდილება. გიგი უგულავა 2012-2014 წლებში წელიწად-ნახევრის განმავლობაში გზებს არ აგებდა თბილისში და ათეულობით მილიონი ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა თბილისელების კეთილდღეობას და ნორმალურ პირობებს, მოხმარდა მისი პარტიული აქტივის დასაქმებას. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, იგივე გაიმეორონ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სადაც თეორიულად უნდა მოიგონ. ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დავუშვათ საბოტაჟი და ადგილობრივი მოსახლეობის დაზარალება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაართულებს ურთიერთობას. აქ საუბარია, რომ „ნაცმოძრაობას“ არც ერთი სცენარის პირობებში არ მივცემთ ჩვენი მოსახლეობის დაზარალების საშუალებას, ამაზე ვართ პასუხისმგებლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.