ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირებაზე - დაუჭამიათ ერთმანეთი
მარტივი პასუხი მაქვს – დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად ამ ეტაპზე არსებული განსხვავებული ხედვისა, საჭიროების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდება, რადგან ორივე პარტიას ერთი მენტალიტეტი აქვს.
„ამაზე მაქვს მარტივი პასუხი: დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი არის, რომ უნდა ვიყოთ ორიენტირებული არჩევნებზე და შედეგზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დადოს არჩევნების საფუძველზე. ჩვენი ამოცანაა არჩევნებში გამარჯვება, შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ავაგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი თუ მეორე ფრთის განცხადებებზე. რეალურად ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა თავისი შინაარსით. რეალურად მათ აქვთ ტაქტიკური განსხვავებული ინტერესები და სუბიექტური განსხვავებული ინტერესები, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისინი ერთად დადგებიან აუცილებლად, რადგან მათ აქვთ ერთი მენტალიტეტი და მათი შინაარსი არის ერთი და იგივე, როგორი დაპირისპირებაც არ უნდა ჰქონდეთ. არ ვამბობ, რომ ხელოვნურია ის დაპირისპირება, რომელიც მათ დღეს აქვთ – ეს არის რეალური დაპირისპირება. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ მათი ინტერესები გადაიკვეთება, ისინი მაინც ერთად დადგებიან. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავდგებით „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ და ვერც მეორე ფრთასთან. ისინი კი ერთმანეთთან დადგებიან, თუ ინტერესები გადაიკვეთება, სუბიექტური ინტერესები. ამ ეტაპზე კარნახობთ, რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ესეც შეიძლება, დროებითი იყოს, თუ მათი ინტერესები სხვანაირად დალაგდება, მაგალითად, არჩევნების შემდეგ, თუმცა ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენი მიზანი არის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რათა სტაბილურად განვაგრძოთ ამ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.