ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებელი მოაზრებულია როგორც ერთგვარი დანამატი ხელისუფლების, რაც არასწორია
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებელი მოაზრებულია როგორც ერთგვარი დანამატი ხელისუფლების, რაც არასწორია

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს, რაც რომან გოცირიძის ინიციატივის საპირისპიროა.

„როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, რომლის მთავრი ამოცანა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, მისი მიზანი არის ამის საპირისპირო. კერძოდ, ამ პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მოაზრებული როგორც ერთგვარი დანამატი ხელისუფლების, რაც არის არასწორი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომლის ავტორია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.