ირაკლი კობახიძე -„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული რომ არა, რუსეთს ისტორიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ორი რეგიონის დაკავების საშუალება არ მიეცემოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული რომ არა, რუსეთს ისტორიულად მნიშვნელოვანი ორი რეგიონის დაკავების საშუალება არ მიეცემოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა დანაშაული ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახლა ეს ადამიანები ბედავენ და ღალატში ადანაშაულებენ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზები გაიყვანა.
„ზუსტად სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა სააკაშვილმა უკან საქართველოში 2008 წელს და რომ არა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, ეს ნამდვილად არ მოხდებოდა. სალომე ზურაბიშვილმა ზუსტად ეს თქვა. სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა განცხადება და ჩვენც გავაკეთეთ განცხადება, რა არის ჩვენი პოზიცია.
ჩვენი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ იყო რუსული სცენარი. თქვენ გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები, რა ხდებოდა ივლისში, აგვისტოს დასაწყისში. იყო რუსული სცენარი, დაწერილი იყო კრემლში და სცენარის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო ის უგუნურება თუ ღალატი, რომელიც უნდა ჩაედინა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას. ზუსტად ამ ღალატისა თუ დანაშაულებრივი შეცდომის მეშვეობით მოახერხა რუსეთმა თავისი განზრახვის შესრულება. ეს რუსეთს არ უნდოდა 1994, 1995, 1997 და 2001 წელს? მაგრამ შევარდნაძის დროსაც კი, როდესაც ყალიბდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები, შევარდანაძემაც კი მოახერხა და რუსეთს არ მისცა იმის საშუალება რომ 100 პროცენტით დაეკავებინა ცხინვალი და აფხაზეთი. ეს ყოველთვის უნდოდა რუსეთს და ამის საშუალება მისცა სააკაშვილმა.
წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ და შენი დანაშაულის გამო, ასეულობით ადამიანია დაღუპული, 10 ათასობით ადამიანია დევნილობაში, უსახლკაროდ დარჩენილი, შენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მიერ, ამ უბედურებაში ტრიალებ და ამის მერე კიდევ როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, ვერ წარმომიდგენია. თუ ღირსება გაქვს, ამას ვერ გააკეთებ, მაგრამ როდესაც უღირსი ხარ, ანუ როდესაც ხარ მიხეილ სააკაშვილი და როდესაც ნატამალი არ გაქვს ადამიანობის, კაცობისა და ღირსების, ამ შემთხვევაში რას აკეთებ?! – ჯერ აზეიმებ შენივე მოსახლეობას შენივე წაგებულ ომს, მერე ბედავ და 2012 წელს კიდევ პრეტენზია გაქვს, რომ არჩევნები უნდა მოიგო და მძიმედ განიცდი არჩევნების წაგებას. ახლა კიდევ ექვსი წლის თავზე, 2018 წელს, ბედავს და ოცნებობს დაბრუნებაზე. ეს ოცნება ვერასდროს ვერ ახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.