ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს უბნებიდან გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები, რათა ე.წ. კარუსელებზე პროვოკაციული განცხადებები გააკეთონ
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს უბნებიდან გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები, რათა ე.წ. კარუსელებზე პროვოკაციული განცხადებები გააკეთონ

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს საარჩევნო უბნებიდან გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები, რათა ე.წ. კარუსელების შესახებ პროვოკაციული განცხადებები გააკეთონ, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, მსგავს ფაქტებს ადგილი აქვს კუმისში 57-ე უბანზე და დუშეთში მჭადიჯვარის უბანზე.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან. ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ხელოვნურად შექმნას აგრესიული ფონი.

„ეს არის დაბალი კულტურისა და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც მიჩვეული ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.