ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტილს არ და ვერც ცვლის. ეს მათი სტილია. 2012 წლამდე და 2012 წლის ჩათვლით არჩევნებს აყალბებდნენ. ახლა უკვე გადასული არიან საარჩევნო სიების გაყალბებაზე. თავისი სატელიტების სახელით გაყალბებული სიები წარადგინეს, რაც ორ რამეზე მიუთითებს. ერთი ისაა, რომ გაყალბება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი და ხელწერაა და მეორე ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაყალბების გარეშე 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება უჭირს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან მწარედ და მძიმედ დამარცხდება და მას გაუჭირდება ალბათ იმ შედეგის გამეორებაც, რაც წინა არჩევნებში დადო. ეს იყო 17 პროცენტიანი შედეგი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ძალიან მძიმე მარცხს იწვნევს და ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. შეგვიძლია, ეს დაპირება საზოგადოებას მივცეთ. ის, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაა გამოყენებული, უპასუხისმგებლობის ხარისხსა და მათ სტილზე მეტყველებს. ამას 2003-2004 წლიდან მიჩვეული ვართ, შესაბამისად, მოლოდინი არ გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სტილს შეიცვლიდა. უწყებათაშორის კომისიას მივმართეთ და მათგან მკაცრ რეაგირებას ველოდებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძე
ცესკო-ს ინფორმაციით, გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.
ამასთან, ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.