ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და კიდევ სხვები გადასული არიან „შავ პიარზე“, რასაც ამაზრზენი ფორმით აკეთებენ
სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვა პარტიები მთლიანად შავ პიარზე არიან ორიენტირებული და არ საუბრობენ თავიანთ ხედვებზე.
„ამაზრზენია, რაც ამ დღეებში ხდება საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საპარლამენტო სისტემაში არ შეიძლება ჩატარდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და რატომ – დაპირებებზე ვერ საუბრობ, პროგრამაზე ვერ საუბრობ, ვერაფერზე ვერ საუბრობ. იგივე პრობლემაა ამ კამპანიის დროსაც და რაზე კეთდება აქცენტი? გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, მესამე, მეოთხე, ვიღაცები, ისინი გადასული არიან მთლიანად „შავ პიარზე“ ანუ თავის ხედვებზე კი არ ლაპარაკობენ, როგორ წარმოუდგენიათ პრეზიდენტობა, საუბრობენ თავიდან ბოლომდე „შავ პიარზე“ და თან ამას ამაზრზენი ფორმით აკეთებენ, რაც არც არანაირ ადამიანურ ჩარჩოებში არ ჯდება და თავიდან ბოლომდე აცდენილია პოლიტიკურ კონიუნქტურას.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ. სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი და ძალიან ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.