ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე მიიღებს პასუხს, მათ შორის რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემისთვისაც
დღეს დილით დიპლომატიურ კორპუსს და დამკვირვებლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებული იყო კონკრეტული სახელები და გვარები, ვისაც უნდა მოეწყო პროვოკაციები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
„ეს პროვოკაციები რეალურად განხორციელდა მოგვიანებით ამ ადამიანების მიერ. ჩვენ, „ქართული ოცნება“ უზრუნველვყოფთ დიპლომატიური კორპუსისა და საარჩევნო დამკვირვებლების პერმანენტულ ინფორმირებას კონკრეტული პროვოკაციების შესახებ, იმ ქმედებების შესახებ, რომელიც არის ძალიან შორს ევროპული საარჩევნო პრაქტიკისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, საზოგადოების თანადგომით, აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის კიდევ ერთხელ მიიღებს საკადრის პასუხს ქართველი ამომრჩევლისგან ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ამ მარგინალურმა პარტიამ ჩაიდინა ცხრა წლის განმავლობაში, რუსეთისთვის საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის გადაცემის ჩათვლით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, წარმართონ ჯანმრთელი, ევროპული წინასაარჩევნო კამპანია“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მცირე ინციდენტი მოხდა. პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ, ასლან ვაშაყმაძემ შეძახილებით მიმართა. შეძახილის შემდეგ, ვაშაყმაძე დარბაზიდან ზურაბიშვილის მხარდამჭერებმა გააძევეს.