ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არც წარსულზე, არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არც წარსულზე და არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია, დადებით წვლილს ვერ შეიტანს საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებაში.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართულ, ნამდვილად ევროპული სტილის კამპანიას ოპონენტებმა უპასუხეს აგრესიით, შეურაცხყოფით, პროვოკაციებით, სხვადასხვა ფორმით გამოხატული არაეთიკური ქცევით.
„დღეს გვინდა, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატოთ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც ორი თვის განმავლობაში უაღრესად ღირსეულად პასუხობდა ოპონენტების არაეთიკურ ქმედებებს. ამ საარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მახასიათებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ უკიდურესად დაუბალანსებელი მედიაგარემო. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“ ფორმალურადაც კი არ ცდილობდა, დაეცვა ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და აქტიურად მიმართავდა რუსული ტელეარხებისთვის დამახასიათებელ ე.წ. ბრეინვოშინგის, ანუ ტვინის გამორეცხვის მეთოდს. ამ საარჩევნო კამპანიის მორიგი უარყოფითი მახასიათებელი იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პირდაპირი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში და მათი გულგრილი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უხეში გადაცდომების მათ შორის – შეურაცხყოფისა და ცილისწამების, მუქარის, მძიმე პროვოკაციების, სალომე ზურაბიშვილის, მხარდამჭერების დაშინების მცდელობის, მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი დარღვევა იყო ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ მხარდამჭერთა სიების ფალსიფიკაცია.
„აღნიშნული პარტიები იმ დონეზე გაკადნიერდნენ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გაყალბებაც კი იკადრეს. სამწუხაროა, რომ ამ საარჩევნო კამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული ორი სპექტაკლის ფონზე ჩაიარა. ორივე სპექტაკლმა სრული ფიასკო განიცადა, რადგან იქ, სადაც არ არის გადაცდომა, ხელოვნურად ვერავითარ კომპრომატს ვერ შექმნი. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არც წარსულზე და არც მომავალზე საუბრის რესურსი, რაც მას მუდმივად ვითარების რადიკალიზაციის მცდელობისკენ უბიძგებს. ასეთი მცდელობებიც, როგორც ვხედავთ, წარუმატებლობისთვის არის განწირული. საარჩევნო პროცესის დადებითი მხარე იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმართული ევროპული სტილის კამპანია, რომელიც ამომრჩევლისთვის საპრეზიდენტო ხედვის წარდგენაზე იყო ორიენტირებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.