ირაკლი კობახიძე - მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, ეს არის მნიშვნელოვანი და პატრიარქის ეპისტოლეში ამაზე იყო საუბარი
ირაკლი კობახიძე - მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, ეს არის მნიშვნელოვანი და პატრიარქის ეპისტოლეში ამაზე იყო საუბარი

ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს იმ ნაწილზე, სადაც ილია მეორე აღნიშნავს: „ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია“.

„ეპისტოლეში საუბარი იყო, რომ მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანები არ დააშოროს ღმერთს. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. რა თქმა უნდა, პროგრესი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რისკები როდესაც არსებობს, ამაზე ყურადღების გამახვილებაც აუცილებელია. ამაზე იყო საუბარი პატრიარქის ეპისტოლეში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი მნიშვნელოვანი გზავნილი“.

„საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ.