ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, „ქართული ოცნების“ მსგავსად მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა ყველაფერი გააკეთოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში.
„დღეს ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ჩვენი, როგორც მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ამ ამოცანის განხორციელებას ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად თვისებრივად განახლდა და დაიხვეწა. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას უკვე რამდენიმე კვირაა წარმართავს. ყველა თვალნათლივ ხედავს, რომ ჩვენი პარტია აგიტაციას აწარმოებს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენი ლიდერები, კანდიდატები და აქტივისტები ამომრჩევლებს ქალაქებსა და სოფლებში ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ ხედავენ რეგიონებისა და მთლიანად, ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება იქნება აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.
„როგორც ხედავთ, კამპანია წარიმართება სრულიად მშვიდ გარემოში. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნების“ მსგავსად, თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. „ქართულ ოცნებას“ აქვს სტაბილურად მაღალი და ამასთან, მზარდი საარჩევნო რეიტინგი, რაც გვაძლევს მტკიცე მოლოდინის საფუძველს, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, 31 ოქტომბერს ჩვენი პარტია კიდევ ერთხელ მიიღებს ძლიერი ნდობის მანდატს და შექმნის მყარ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში. „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება არის აუცილებელი პირობა საქართველოს შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.