ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას და მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას და მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან

რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, ინიცირებულია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

„მე ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ, ზოგადად, ამ ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან. დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობისადმი“, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამოირჩეოდა თავის დროზე ადამიანების წამებით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტა. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი, რომელიც შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და მთლიანად მედიასივრცის მონოპოლიზაცია შეძლო თავის დროზე. ახლა ასეთი პოლიტიკური პარტიის მიმართ რომ აქვს დიტო სამხარაძეს ხისტი დამოკიდებულება, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მოვუწოდებ მათ და მათ შორის ენჯეოებს, მედიასაშუალებებს, რომლებიც არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, თავი შეიკავონ ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიისგან“, – განაცხადა კობახიძემ.