ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება და მისი განხილვა ხვალ გაგრძელდება
მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება და სხდომაზე მისი განხილვა ხვალ გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს.
„შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გვქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია, კანონპროექტში ტექსტობრივად აისახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ განიხილება, ამაზე შევჯერდით. ანუ ტექსტი იქნება ასახული უკვე დოკუმენტში და ამის საფუძველზე ხვალ უკვე შედგება საბოლოოდ დილით საგნობრივი განხილვა უმრავლესობის ფორმატში. ამის შემდეგ ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება ამ კანონპროექტის განხილვა. ჩვენ იმ კოლეგების მოსაზრება გავიზიარეთ იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც მსჯელობის საშუალება იქნება. ამის შემდეგ განვაგრძობთ პლენარულ ფორმატში მუშაობას. საპარლამენტო განხილვა ხვალ გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.