ირაკლი კობახიძე - ზოგიერთი მოსამართლის შესახებ კახა კალაძის განცხადების ზოგად შინაარსს ვეთანხმებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ დეპუტატმა თბილისის მერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„კახი კალაძის განცხადება არ მომისმენია, თუმცა ზოგადად გეტყვით, რომ კონკრეტული კანდიდატები იყვნენ, რომლებთან დაკავშირებითაც დეპუტატების საკმაოდ დიდ ნაწილს კითხვები ჰქონდა. პირველ რიგში ეს კითხვები უკავშირდებოდა, კონკრეტული მოსამართლეების მიერ 2012 წლამდე განხილულ კონკრეტულ საქმეებს. იცით, რომ ამ თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. 2012 წლამდე სასამართლო წნეხის ქვეშ იყო, არ იყო დამოუკიდებელი, პოლიტიკური ზეგავლენა იყო. შესაბამისად, არის მთელი რიგი საქმეები, რაც კითხვებს ტოვებს. კვალიფიკაციის კუთხითაც იდეალური სურათი არ იყო, თუმცა შესაბამისია გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ განცხადების ზოგად შინაარსს. ჩვენ მაქსიმალურად დაბალანსებული და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა.