ირაკლი კობახიძე - მომხსენებელმა გამოიტანა საარჩევნო კოდექსი, ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა შემოსულიყვნენ დარბაზში, დაესვათ კითხვები და ვერ მოასწრეს, დაეძინათ, კატასტროფაა ეს ყველაფერი
ე.წ. ოპოზიცია არის საოცრება, დღეს კენჭისყრის დროს რაც დაემართათ, ეს არის უბრალოდ კატასტროფა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სამარცხვინო იყვნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე კენჭისყრისას და იგივე ეხება საარჩევნო კოდექსის განხილვასაც.
„სამარცხვინოები იყვნენ დღევანდელ კენჭისყრაზე, ისეთი რაღაცები ვერ გათვალეს და ა.შ. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსს. გამოიტანა მომხსენებელმა პატიოსნად, უნდა შემოსულიყვნენ დარბაზში, დაესვათ კითხვები და ვერ მოასწრეს, დაეძინათ, დააგვიანდათ, ეს არის დღევანდელი ოპოზიციის სახე. კატასტროფაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა კითხვა-პასუხის გარეშე დასრულდა, სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. სხდომაზე საკითხი განსახილველად გივი მიქანაძემ გამოიტანა, ამ დროს სხდომას არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა, რის გამოც კანონპროექტის განხილვა დაახლოებით ერთ წუთში დასრულდა.
კანონპროექტის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს.