ირაკლი კობახიძე - მოიგებს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ექნება, ოპოზიციის გამარჯვებას გამოვრიცხავ
„ქართული ოცნება“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას გამორიცხავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პოზიცია უკვე დაფიქსირებულია და ის უცვლელი რჩება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ელოდება 8 სექტემბერს, როცა ყველა კანდიდატი დასახელდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს.
„ველოდებით კანდიდატურებს, რა თქმა უნდა, შეგვეძლო, გაგვეთამაშებინა ასეთი სცენარი, წარგვედგინა ჩვენი დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც პროცესში ხელოვნური ჩარევა და ბუნებრივია, არასწორი იქნებოდა. ამიტომ, ველოდებით პროცესების განვითარებას, ველოდებით 8 სექტემბერს, როდესაც კანდიდატები დასახელდებიან ცესკო-ს წინაშე და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გამოვრიცხავთ ჩვენი კანდიდატურის დასახელებას. ჩვენი მხრიდან პოზიცია უკვე დაფიქსირებულია და ეს პოზიცია დარჩება უცვლელი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის შანსებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, კობახიძის თქმით, შესაძლოა, არჩევნები დასრულდეს პირველ ტურში ან მეორეში, თუმცა მას აუცილებლად მოიგებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.
„ეს იქნება ბევრ რამეზე, თავად კანდიდატურაზეც დამოკიდებული. ვნახოთ, რა სპექტრი იქნება, რომლის მიხედვითაც არჩევანის შეჩერება მოგვიწევს. ასევე, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, ბევრ გარემოებაზე. ჩვენი საარჩევნო მხარდაჭერა არის პლიუს-მინუს 50 პროცენტი, ეს დადასტურდა თვითმმართველობის, საპარლამენტო არჩევნებით. შესაბამისად, არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები, ასევე არის შანსი, რომ არჩევნები დასრულდეს მეორე ტურში. ამას არ აქვს ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გამარჯვებას გამორიცხავს.
„რეალურად, ოპოზიციას შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. არის მთლიანობაში გარკვეული მაჩვენებელი, რომელსაც აფიქსირებდა ოპოზიცია წინა არჩევნებში და წინა არჩევნებთან შედარებით დიდ სხვაობას არ ველოდები. ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ შანსი, აიღონ სადღაც 15–20 პროცენტზე მეტი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის გამარჯვებას გამოვრიცხავ“, – განაცხადა კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.