ირაკლი კობახიძე - მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველოში არჩევნები არა მარტო კონკურენტული, არამედ თავისუფალი იყო, ამიტომ სერბეთთან ანალოგიის მოშველიება ოპოზიციას არაფერში ადგება
საინტერესო დამთხვევაა, რომ სერბული მოდელით გაგვიყალბეს PVT, ახლა სერბული მოდელით გვესაუბრებიან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საყოველთაოდ იყო წინასწარ აღიარებული მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ სერბეთში არჩევნები კონკურენტული არ იყო. რაც შეეხება ქართულ არჩევნებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ არა მარტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც ძალიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ ის არა მხოლოდ კონკურენტული, არამედ თავისუფალი იყო.
„რაც შეეხება სერბული მოდელით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, აქ პირველ რიგში, შედარებადი უნდა იყოს ერთმანეთთან ორი მოცემულობა, რაც ასე არ არის, როდესაც სერბეთში არჩევნები ჩატარდა, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ორმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და საყოველთაოდ იყო წინასწარ აღიარებული, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობების მიერ, რომ ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული, მაგალითად, იმის გამო, რომ მედიაგარემო არ იყო პლურალისტური და ა.შ. წინასწარ იყო ასეთი პოზიცია ჩამოყალიბებული საერთაშორისო თანამეგობრობაში, უპირველესად, ევროკავშირში, რომ ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული. რაც შეეხება ქართულ არჩევნებს, არა მარტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც ძლიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ ეს არჩევნები იყო არა მარტო კონკურენტული, არამედ თავისუფალიც. აქედან გამომდინარე, ეს ორი მოცემულობა ერთმანეთთან შედარებადი არ არის. ამიტომ სერბეთთან ანალოგიის მოშველიება ოპიზიციას არაფერში არ ადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას, სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.