პირველი ვერსია, რაც შემოთავაზებული იყო, იყო გარანტირებული საბოტაჟი ცესკო-ში, ანუ, არჩევნების დაბლოკვის მექანიზმის მინიჭება ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ უარი ვთქვით 31 მარტის, შემდეგ აპრილის შეთანხმების, ანუ პირველადი ვერსიის ხელმოწერაზე, იყო სწორედ ცესკო-სთან დაკავშირებული ჩანაწერი, რადგან აქ ხელისუფლების აყირავება იყო გარანტირებული. შავით თეთრზე ეწერა, რომ ხელისუფლების აყირავების არალეგიტიმური ბერკეტი ენიჭებოდა ოპოზიციას. ეს პირდაპირ შავით თეთრზე ეწერა პირველად ვერსიაში, რომელიც იყო შემოთავაზებული. შემდეგ ეს დაკორექტირდა. ჩვენ პრინციპულად მოვითხოვეთ ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ჩაიწერა 19 აპრილის შეთანხმებაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება პირნათლად გაჰყვა ამ ჩანაწერს, მიუხედავად იმისა, რომ ის, რაც საარჩევნო კოდექსში ჩაიწერა, სამართლებრივად სრული აბსურდია და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი რეგულაციაა დადგენილი.
„ჩავწერეთ ის, რომ თავიდან საჭიროა 100 ხმა ცესკო-ს წევრების ან თავმჯდომარის ასარჩევად, შემდეგ ჩამოდის 90-ზე, შემდეგ – 76-ზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 100 ხმით არის არჩეული, მას აქვს ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა. ანუ, დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიით აღჭურვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 100 ხმით არის არჩეული; თუ არის არჩეული 76 ხმით, ამ შემთხვევაში არის არჩეული 6 თვის ვადით, მაშინ როდესაც ხანგრძლივი ვადა ითვლება ნებისმიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მთავარ გარანტიად. ანუ, ასეთი აბსურდი ჩავწერეთ. ამის შემდეგ ანულირდა 19 აპრილის შეთანხმება და, შესაბამისად, ჩვენ არავითარი ვალდებულება აღარ გვაქვს, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა თავის დროზე შექმნა კომისია და პოზიციაზე სწორედ ამ კომისიამ წარადგინა ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, ამ კომისიას კი ბოიკოტი გამოუცხადა ყველა მდიდარმა „ენჯეომ“.
„ახლა ამბობენ, რომ პრეზიდენტთან უნდა დარჩეს ეს კომპეტენცია და მათვე, ამ მდიდარმა „ენჯეოებმა“ გამოუცხადეს ბოიკოტი პრეზიდენტის მიერ შესაქმნელ, მოგვიანებით შექმნილ კომისიას. აქედან ჩანს, რომ სინამდვილეში ცარიელი სპეკულაციაა, რაზეც ისინი საუბრობენ. შეიქმნა კომისია, კომპეტენციის ნიშნით შეირჩა ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, ისინი პრეზიდენტმა წარმოადგინა და მიუხედავად იმისა, რომ არც მიკერძოებასთან და არც კომპეტენციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მათ. მხოლოდ რამდენიმე პარტიამ დაუჭირა მხარი, მგონი, მხოლოდ „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“ და „გირჩმა“, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, 100 ხმა არ იყო. ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი და ამის გამო ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი, ეს სამი ყველანაირად კომპეტენტური და მიუკერძოებელი ადამიანი ავირჩიეთ მხოლოდ 6 თვის ვადით. მათ ჩაატარეს თვითმმართველობის არჩევნები, აბსოლუტურად გამართულად და ოპოზიციამ ერთი პრეტენზია ვერ გამოთქვა. ანუ, ეს არის, მათ შორის, ამ სამი ადამიანის დამსახურება. ამის შემდეგ გადის კიდევ 6 თვე, ანუ გაუვიდათ ექვსთვიანი ვადა, კიდევ ერთხელ შექმნა პრეზიდენტმა კომისია და ამ კომისიას კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბოიკოტი მდიდარმა „ენჯეოებმა“. პრეზიდენტმა წარმოადგინა კიდევ ეს სამი ადამიანი, რადგან მათზე მეტი კომპეტენცია არავის აქვს და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ 6 თვის ვადით. ეს მოხდა 2022 წლის თებერვალში და ამ სამ ადამიანს ექვსთვიანი ვადა გაუვიდათ შარშან ზაფხულში. ერთი წელია, მათ სტანდარტული ექვსთვიანი უფლებამოსილების ვადა გასული აქვთ. სამართლებრივად მათ აქვთ ლეგიტიმაცია, რადგან საარჩევნო კოდექსში წერია, რომ თუ ახალს ვერ ირჩევ, ძველი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ექვსთვიანი ვადა გავიდა, კიდევ ერთი წელი რჩებიან და თან წარმოიდგინეთ, საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი, მათ უნდა გააგრძელონ საკუთარი უფლებამისილების განხორციელება, თუ ვერ ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარე და წევრები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მართალია, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი ყველაზე კომპეტენტური არიან, მაგრამ არ წარადგენს, რადგან მათ ოპოზიცია მხარს არ უჭერს.
„მაშინ რა აზრი აქვს კონკურსს, კომისიას ან ობიექტურ კრიტერიუმებს, თუ შენ ამბობ, რომ ისინი ყველაზე კარგები არიან, მაგრამ ოპოზიციას ახირება აქვს, მხარს მაინც არ უჭერს და ამიტომ არ წარმოადგენ? ეს ხომ სრული აბსურდი და გაუგებრობაა? ამის შემდეგ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ სხვა კანდიდატურებს, რადგან ეს სამი საუკეთო იყო. შემდეგ პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოაცხადა კონკურსი, მაგრამ საკმარისი კანდიდატურებიც კი არ შედის. რატომ? ადამიანებმა დაინახეს, რომ პრეზიდენტი ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად არ წარადგენს კანდიდატურებს პარლამენტში და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, აზრი ეკარგება კონკურსში მონაწილეობას“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც ახლა დაინიცირდა, სწორედ ამ აბსურდის გასწორებას ემსახურება.