ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება კვირას, 17:00 საათზე – ეს არის უკვე დაანონსებული და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
„მანამდე, როგორც მოგეხსენებათ, რვაში, შაბათ დღეს 18:00 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მხარდაჭერა ფართო იქნება და მმართველი გუნდის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
„მხარდაჭერა იქნება ფართო, ეს შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, რომელსაც, ასე ვთქვათ, გამოვხატავთ დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, შესაძლოა, პოლიტსაბჭოს კონკრეტულ წევრებს საკუთარი მოსაზრებები ჰქონდეთ, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერ საბოლოო სიას ელოდება.
„შეიძლება პოლიტსაბჭოს კონკრეტულ წევრებს ჰქონდეთ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა ჩვენ არ უნდა გავასწროთ მოვლენებს. ჯერ დაველოდოთ საბოლოო სიას. ძალიან ბევრი კანდიდატი იცით, რომ ბოლოო მომენტში წარადგენს ხოლმე საკუთარ კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ შაბათ დღეს, 18:00 საათს და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჩვენს კანდიდატებთან დაკავშირებით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მეორე ტურს არ ელოდება.
„გამომდინარე იქიდან, თუ რა რეალობაა ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, მე არ ველოდები დიდ გადახრას წინა არჩევნების შედეგებიდან და თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, მოსალოდნელი მეორე ტური არ არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.