ირაკლი კობახიძე - მიგრაციის კუთხით ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი, ვითარება ისეა წარმოჩენილი, თითქოს ქვეყნიდან ტოტალური მიგრაციაა, ფაქტებით ჩანს, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნიდან ადამიანების მიგრაციასთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. მისივე თქმით, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს.
„ყალბი აჟიოტაჟია შექმნილი. ისეა წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ტოტალური მიგრაციაა ქვეყნიდან და სწორად ამას ეხებოდა პოსტი, რომელიც გამოვაქვეყნე. რეალურად, ფაქტებით ჩანს, რომ აჟიოტაჟის არავითარი საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, დემოგრაფია, მიგრაცია არის საკითხი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და ბუნებრივია, იდეალური სურათი არ გვაქვს, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ აჟიოტაჟი აბსოლუტურად ყალბია, რაც კონკრეტული მონაცემებით დასტურდება. ჩემს პოსტში წარმოდგენილი იყო შესაბამისი მონაცემები, კერძოდ, საუბარია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ცხრა წლის მანძილზე მთლიანობაში, 221 000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოვიდა. იყო ძალიან მძიმე მაჩვენებელი მიგრაციის კუთხით. რომ ავიღოთ ჩვენი პერიოდი 2013-2021 წლის ჩათვლით, რა მონაცემებიც დევს იმავე საქსტატის საიტზე, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი იყო 52 000. ანუ ერთ მხარეს არის 221 000, მეორე მხარეს – 52 000, რაც ნიშნავს, რომ მიგრაციის კუთხით 4.3-ჯერ გაუმჯობესებულია მაჩვენებელი. ანუ ოთხჯერ უკეთესი და კიდევ უფრო უკეთესი, გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვაქვს მიგრაციის კუთხით – ოთხჯერ ნაკლები ადამიანია ისეთი, ვინც გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ უკან არ შემოვიდა. ეს არის ციფრები, მონაცემები, რაც უტყუარია და არსებითად ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია წაახალისებს მიგრაციის ზრდას, რადგან უფრო ადვილად გადიან ადამიანები ევროპაში. მიუხედავად ვიზალიბერალიზაციისა, ეს მაჩვენებელი არსებითად არ გაუარესებულა, იყო მცირე ზრდა მიგრაციაში, მაგრამ ჩვენ 2018 წლიდან მოყოლებული ვინარჩუნებთ სათანადო მაჩვენებელს და, მთლიანობაში, 29 000 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა, რაც იდეალური არ არის, მაგრამ ბევრად უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშშ მკაცრ სავიზო პოლიტიკას აწარმოებს, რასაც უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს.
„მკაცრი არის სავიზო პოლიტიკა, რომელსაც აშშ საქართველოს მოქალაქეების მიმართ აწარმოებს, რასაც თავისი უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს. უარყოფითი მხარე ისაა, რომ დისკომფორტი ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს და არის შემთხვევები, როდესაც იმავე მექსიკიდან უწევთ ჩვენს მოქალაქეებს აშშ-ში გადასვლა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს აფერხებს მიგრაციას აშშ-ში. ამიტომ ეს უარყოფითი და დადებითი მხარე თანაბრად უნდა დავინახოთ ამ საქმეში“, – აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მიგრაციასთან დაკავშირებით დღეს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2018-2021 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 000 შეადგინა.