ირაკლი კობახიძე - მეტროსადგურებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ და ამაზე მუშაობა დაწყებულია
მეტროსადგურებს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდებათ და ამაზე მუშაობა დაწყებულია, ეს სერიოზულ რესურსებს მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მეტროების რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.
“რაც შეეხება “ვარკეთილის” მეტროს შემთხვევას, მე ინფორმაცია დეტალებში არ მაქვს და კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ საარჩევნო შტაბში თბილისის წინასაარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, იქ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ის მდგომარეობა გამოიკვეთა, რომელიც მეტროშია შექმნილი. მეტროსადგურებს სერიოზული რეაბილიტაციას სჭირდება და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც სერიოზულ რესურსებს მოითხოვს. ამ ყველაფერში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარდაჭერას გაგვიწევენ. უკვე შესაბამისი მოლაპარაკებები დაწყებული და აქედან გამომდინარე მეტროს რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება. ეს თბილისის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის დონეზე რისი გაკეთებაც არის საჭირო, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული პარლამენტის მიერ ყველაფერი გაკეთდება. დანარჩენი კონკრეტული პროექტების და პროგრამების საქმეა. რომლებიც ასევე უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.