ირაკლი კობახიძე - მეტი დემოკრატია, უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ - ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი
ირაკლი კობახიძე - მეტი დემოკრატია, უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ - ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი

მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ – ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგოც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ყოველწლიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის.

„ჩვენი ყოველწლიური კონფერენცია სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. სიმბოლურია, რომ ვხვდებით ბათუმში, აჭარაში, სადაც საქართველოს მაჯისცემა და განვითარება ყველაზე თვალსაჩინოა. მოხარული ვარ, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ორგანულად ვართ ჩართულნი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი კონფერენციის უცხოელ მონაწილეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩვენი რეგიონის აწმყოთი და მომავლით. რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ მხარს გვიჭერს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით გადაჭრას და მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას. მინდა, ხაზი გავუსვა რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ  გადადგა ყველაზე გამართლებული ნაბიჯები.

როგორც კობახიძე აცხადებს საქართველოს დემოკრატიული პროგრესი ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

„თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, მედია თავისუფლების პატივისცემა ქვეყნის და საზოგადოებისთვის ჩვეული და ნორმალური მოვლენა გახდა. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარების როლი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. პარლამენტის მიერ წელს დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. ამოქმედების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია იქნება ხელისუფლებაში ძალაუფლების გაწონასწორებისა და ურთიერშეკავების, დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს კიდევ უფრო აძლიერებს და მყარ სამართლებრივ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ საფუძველს უქმნის.

„სიმბოლურია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი, ევროპული ტიპის დახვეწილი რედაქციის მიღება დაემთხვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს. რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეორე მნიშვნელოვან განზომილებად მესახება რეგიონული თანამშრომლობა. გულწრფელი, მჭიდრო, კონსენსუსზე და მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა პოზიციების დაახლოებისა და დაძაბულობების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ მხრივ განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საკანონმდებლო ორგანოების დონეზე პარტნიორული დიალოგის წარმოებით შესაძლებელი ხდება ქვეყნებს შორის ნდობის ამაღლება და კავშირების განმტკიცება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით,  საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო აქტიურობა მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს ეროვნულ და რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს ძალისხმევა მიმართულია საერთო მიზნისაკენ, რომ რეგიონის დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთობლივად მოახერხონ რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების უფრო მეტი და ეფექტური ჩართულობა და ევროკავშირში ინტეგრაცია. საკანონმდებლო ორგანოები ხალხის მისწრაფებებს ყველაზე უკეთ და პირდაპირ გამოხატავენ. ამიტომ, ჩვენი პარლამენტების მიერ დასავლეთისაკენ გადებული ხიდები პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების სახალხო წარმომადგენლობებს და ჩვენ საერთო მისწრაფებებს გამოხატავს”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა.

„არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა კარგად გვიჩვენა, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. აუცილებელია კონფლიქტების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის სრული აღდგენით და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებით საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოში. მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ – ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.