ირაკლი კობახიძე - მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია, პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა
ირაკლი კობახიძე - მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია, პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა

მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონით პოლიციას საშუალება ეძლევა, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონი თავსებადია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„მესიჯი ჰქონდათ, რომ საპროტესტო აქციაზე კარვების გაშლა იკრძალება, რაც ტყუილია. შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ, პოლიციას იმის საშუალება ეძლევა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის – არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებია ჩამოყალიბებული კანონში, მათ შორის, თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ა.შ. ეს კანონი სრულად თავსებადია როგორც საერთაშორისო, სტრასბურგის სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან. სწორედ ამ სტანდარტებით შევიმუშავეთ კანონპროექტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვერ იტყვის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს პრეზიდენტი დაადებს თუ არა ვეტოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის სრულ ალიანსშია რადიკალურ ოპოზიციასთან, არსებობს მოლოდინი, რომ მან კანონს ვეტო დაადოს, თუმცა მას, საბოლოო ჯამში, დავძლევთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.