ირაკლი კობახიძე - მედიას აქვს პასუხისმგებლობა, ტყუილი აღქმები საზოგადოებაში არ ჩამოაყალიბოს, როდესაც რაღაცების გადამოწმება თავადაც შეუძლია
ორ კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან იქნება შეხვედრა და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი. თუ რაიმე კითხვის დასმის თავი აქვს ოპოზიციას, კეთილი ინებოს და დასვას, საზოგადოება ორ კვირაში ნახავს, რომ, სინამდვილეში, რასაც ლაპარაკობს რადიკალური ოპოზიცია შოვთან დაკავშირებით, არის ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ, თავის მედიასაშუალებებთან ერთად, გაავრცელა ცხრა უხეში ტყუილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით“.
„სამარცხვინოა, როცა ცდილობ ტრაგედიაზე ქულების დაწერას. კონკრეტული მედიასაშუალებები დღემდე აგრძელებენ. მაგალითად, „პალიტრაზე“ იყო პოსტი გავრცელებული, რაც მაშველების დისკრედიტაციას ასრულებდა. „რადიო თავისუფლება“ ყველაზე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ყალბი ინფორმაცია და დასკვნები ჩამოაყალიბოს შოვთან დაკავშირებით და ა.შ. რაც ძალიან სამწუხაროა. „პალიტრაზე“ გაზიარებული იყო ერთ-ერთი ადამიანის გულწრფელი პოსტი, რომელიც ეხებოდა შოვში დაღუპულ ერთ-ერთ ადამიანს. მას ემოციური პოსტი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება, ეს ადამიანი მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. საბოლოო ჯამში, ეს „პალიტრამ“ სათაურად გამოიტანა და გამოიყენა მაშველების დისკრედიტაციისთვის, იმის საჩვენებლად, თითქოს მაშველებს რომ უფრო სწრაფად ემოქმედათ, ეს ადამიანი გადარჩებოდა. სახელებს და გვარებს არ ვასახელებ, მაგრამ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, მაგალითად, ამ კონკრეტული ადამიანის ცხედარი რა მდგომარეობაში იყო ნაპოვნი, ასეთ პოპულაციურ პოსტს არ გაავრცელებდა. მედიას აქვს პასუხისმგებლობა, ტყუილი აღქმები საზოგადოებაში არ ჩამოაყალიბოს, როდესაც რაღაცების გადამოწმება თავადაც შეუძლია“, – განაცხადა კობახიძემ.