ირაკლი კობახიძე - მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას, გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი
ირაკლი კობახიძე - მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას, გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი

გახსოვთ, რა რეაქცია მოჰყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. წინა შემთხვევაში საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, თუმცა საქართველოში ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ ასეთი კანონი არ იყოს მიღებული.

„რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ბევრი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას. თეორიულად შეიძლება ამ საკითხის საკანომდებლო დონეზე მოწესრიგება. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, რაც ეხება სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია ასეთი ცვლილებების განხორცილება. რეალურად, პოლარიზაცია საქართველოში დგას ძირითადად ორ რამეზე. ეს არის უცხოური აგენტურა და სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება. გახსოვთ, რა რეაქცია მოჰყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოჰყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი-ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან. წინა შემთხვევაში შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს. აქ კიდევ უფრო მეტი აგრესია იქნება. როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.