ირაკლი კობახიძე - მარტივად რომ აეღოთ ციფრები, დაადგენდნენ, რომ პარალელურ დათვლაში იყო ხარვეზი, მოსმენაზე საუბარი არის აქცენტის გადატანის მცდელობა და მეტი არაფერი
საპარლამენტო უმრავლესბოს ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს უსმენდნენ, არსებული ხარვეზებიდან აქცენტის გადატანის მცდელობაა.
აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, დიდი ეჭვი მაქვს, უკანონო მიყურადებით“.
კობახიძის თქმით, მარტივი გამოთვლებითაც იყო შესაძლებელი იმის დადგენა, რომ რეალურად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურ დათვლაში ხარვეზი არსებობდა.
„საიდან მოიტანეს, რას ეფუძნება? თვითონ რომ მოენდომებინათ, ან შეიძლება მოინდომეს და უბრალოდ არ აწყობდათ ამის გამჟღავნება, მარტივად რომ აეღოთ ციფრები, ნახავდნენ, რომ მინუსი უჯდებოდა ყველა პარტიას. თვითონაც დაადგენდნენ იმას, რომ რეალურად PVT- ში იყო არსებული ხარვეზი, რა შუაშია აქ მოსმენა. ეს მხოლოდ და მხოლოდ აქცენტის გადატანის მცდელობაა, მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“. მისივე თქმით, ბევრ დარღვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, არ შეუსწავლია და ობიექტური ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია.