ირაკლი კობახიძე - მარიხუანას მოხმარების რეგულირებაზე კანონპროექტი სპეკულაციებისთვის სივრცეს არ ტოვებს, ლეგალიზება გამორიცხულია
მარიხუანას მოხმარების რეგულირების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი სპეკულაციებისთვის არავითარ სივრცეს არ ტოვებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის მიდგომა საკითხის რაც შეიძლება მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას ითვალისწინებს.
„საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობისთვის შეიძლება გაიხსნას ეს სფერო, მაგრამ ლეგალიზება გამორიცხულია. რეალურად აქეთკენ მიდოდა პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ შევძელით ამ პროცესის ჩარჩოში მოქცევა კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილია“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტის თანახმად, მარიხუანას კულტივაცია მხოლოდ ექსპორტისთვის განკუთვნილი სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულების სახეობებს შეეხება.
„ვნახე გამოხმაურებები და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციებია, თუმცა კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არავითარ სივრცეს არ ტოვებს სპეკულაციებისთვის. თამამად შეგვიძლია, ვუთხრათ ქართულ საზოგადებას, ჩვენ არ დავუშვებთ ამ პროცესების განვითარებას. ლეგალიზება არის დაუშვებელი. ბუნებრივია, საზოგადოებას მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად გასაგები, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრ ჩარჩოებში ვაქცევთ ამ სფეროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.