გნებავთ, ამას დათმობა უწოდეთ, დათმობაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის კითხვას, არის თუ არა დათმობა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის გაყოფა და ცალ-ცალკე განხილვა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაიმართება კონსულტაციები და საპატრიარქოს არაფრის დათმობა არ მოუწევს. მისივე თქმით, მარიხუანას კანონპროექტზე როცა ყველა ინფორმირებული იქნება, კითხვები აღარ იარსებებს.
„გნებავთ, ამას დათმობა უწოდეთ, დათმობაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის ამოსავალი წერტილია არის არა ის, თუ კონკრეტულ სპეკულაციებში ვინ გამოჩნდება უფრო გამარჯვებული, არამედ, ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებასთან მაქსიმალურად ფართო კონსულტაციები გვქონდეს.
ჩვენთვის მთავარია საზოგადოების ინფორმირება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც ინფორმირებული საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საუბარი არ არის, რომ ეკლესიამ რაღაც უნდა დათმოს. დათმობაზე საუბარი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე ვიღებთ. პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. ამაზე საუბარი კანონპროექტში არ არის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა. კონსულტაციები საპატრიარქოში სხვადასხვა დონეზე იყო. ეს კონსულტაციები ყველა დონეზე გაგრძელდება. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები ყოვლის მომცველი არ იყო, საჭიროა კონსულტაციების გაგრძელება. როცა ყველა ინფორმირებული იქნება, კითხვები აღარ იარსებებს. კონსულტაციებში შესაძლოა დეფიციტი იყო და ამის შევსებაა ჩვენი ამოცანა. დისკუსია უნდა გაგრძელდეს. კონსულტაციები გაგრძელდება და პირველ რიგში, პატრიარქთან გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი საჩქარო არ არის.