ირაკლი კობახიძე - მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, რაც კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ვერ გამოავლინეს
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დღეს განხორციელდა მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა, თუმცა კონკრეტულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ეს ვაჟკაცობა ვერ გამოავლინეს.
„მინდა გამოვეხმაურო იმ პროვოკაციას, რომელიც დღეს ჩვენი კოლეგების, პარლამენტის კონკრეტული წევრების, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან განხორციელდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც არ შეშვენის საპარლამენტო ცხოვრებას, ასეთი ქმედებებით ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო და პოლიტიკურ კულტურას წინ ვერ წავწევთ და შესაბამისად ასეთ პროვოკაციებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
არჩევნებამდე ამომრჩევლის წინაშე კონკრეტული დაპირებებით წარვდექით, მათ შორის იყო პოლიტიკური დაპირებები და ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო ის, რომ ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ – არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით პირნათლად შევასრულეთ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის.
მარცხთან შეგუებას სჭირდება ვაჟკაცობა და ეს ვაჟკაცობა კონკრეტულმა კოლეგა დეპუტატებმა ოპოზიციიდან, სამწუხაროდ, ვერ გამოავლინეს, თუმცა ჩვენთვის მთავარია, გავყვეთ ჩვენს დადებით დღის წესრიგს, პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც გვაქვს ჩამოყალიბებული უმრავლესობას, მმართველ გუნდს, საქართველოს მთავრობას და დღეს სწორედ ამ საკითხებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და სიღრმისეულად განვიხილოთ ის დოკუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ.
მთავრობის ამ შემადგენლობასთან ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ იმ გეგმებზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს დასახული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსა და მთავრობის ამ შემადგენლობას მობრძანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.