ირაკლი კობახიძე - მამუკა ხაზარაძე დღეს ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ ვერ ეგუებიან კანდიდატის სტატუსს, შეგახსენებთ, უკვე თავად არის დასანქცირებული სასამართლოს მიერ
მამუკა ხაზარაძე დღეს ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ ვერ ეგუებიან კანდიდატის სტატუსს. შეგახსენებთ, უკვე თავად არის დასანქცირებული ქართული სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
„პირველ რიგში, თვითონ მამუკა ხაზარაძე არის უკვე დასანქცირებული ქართული სასამართლოს მიერ თაღლითობისთვის. ეს მინდა, შეგახსენოთ. ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ერთ თვეში ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით, ასეთ ვითარებაში, როცა ხაზარაძე დადის და ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას ითხოვს, ნიშნავს, რომ ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსი მიღებას, რაც კარს მომდგარი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, ცდილობენ, ამ ვითარებაშიც კი დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ხაზარაძის განცხადება სხვანაირად ვერ აიხსნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.