ირაკლი კობახიძე - მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომ მას აქვს ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი გამოცდილება
მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას რამდენიმე თვეა იკავებს და ამ მცირე ხნის განმავლობაში, მან უკვე შეძლო რამდენიმე ისეთი ინიციატივის წარდგენა, რომელმაც გამოიწვია სერიოზული პოზიტიური ძვრები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის შემდეგ განუცხადა.
„მას აქვს ასეთი ინიციატივები, ასეთი გამოცდილება, შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც წარდგება პარლამენტის წინაშე, ის წარმოადგენს ახალ ინიციატივებს, რომელთა მიზანი იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ტემპების კიდევ უფრო მეტად დაჩქარება და ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით, მამუკა ბახტაძეს აქვს ძალიან ღრმა და მრავალმხრივი განათლება, ასევე მრავალმხრივი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სფეროში მუშაობის.
„ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ძალიან მსხვილ საჯარო კორპორაციას, ასევე იკავებდა მინისტრის პოზიციას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მამუკა ბახტაძემ დაამტკიცა, რომ მას აქვს ქვეყნის მართვის რესურსი და შესაბამისი გამოცდილება. ამ კრიტერიუმების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ ძალიან თამამად გადაწყვეტილება მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების თაობაზე“ – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.