ირაკლი კობახიძე - მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია
ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტის სპიკერი მოხარულია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
„მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია, რაც აჩვენებს იმას, რომ ზოგადად, ჩვენ დადებითი ტენდენცია გვაქვს იმ კუთხით, რომ უფრო მეტად ხდება მშრომელების ინტერესებისა და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას.
„არის საუბარი არაერთ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა, შრომის კოდექსში განხორციელდეს, მათ შორის ანაზღაურების, შვებულებების კუთხით და ა.შ. საზედამხედველო ფუნქციის განვითარება არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ კუთხით ჩვენ საერთაშორისო დონორების თანადგომასა და მხარდაჭერას ველოდებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გუშინ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ ჭიათურაში ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.