ირაკლი კობახიძე - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნებიან „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ეს არის ერთი კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს
ირაკლი კობახიძე - „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნებიან „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ეს არის ერთი კრიმინალური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს

სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს, არის „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გამოდიან ამ არჩევნებში. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს, აქვს წარსული და აწმყო პირდაპირ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად, „ლელოს“ ლიდერები ბიზნესის რეკეტში იყვნენ ჩართული, რაზეც სამართალი უნდა აღსრულდეს.

„რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გამოდიან ამ არჩევნებში. ასევე, თქვენ იცით, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება  „ახალი/გირჩი/დროა“. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს აქვს წარსული პირდაპირ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა პოლიტიკოსს აქვს თავისი აწმყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“. ასევე, არის ასეთი გაერთიანება „ლელო“, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში და ესეც უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი. პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი. თქვენ იცით, „კონსტანტას“ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები, „მაგნატის“ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები, „ელიტელექტრონიქსთან“ დაკავშირებული ბრალდებები და ასე შემდეგ. პირდაპირ ღამით ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება და სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით. ეს გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, – „ყველაზე მომზადდება თუ არა სარჩელი, როდესაც გასამართლების მოთხოვნას მიყვებით?“ – პრემიერმა განაცხადა, რომ „შეიძლება, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი“.

„რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ისინი პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც სამართლებრივადაც მტკიცდება. როდესაც გახარია და „ნაცმოძრაობა“ ერთად ქმნიან კოალიციას ოთხ მუნიციპალიტეტში, აქ სამართლებრივად დასტურდება, რომ ისინი რეალურად ერთ საქმეს აკეთებენ და ერთ საქმეს ემსახურებიან. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება ის, რომ კონკრეტული ძალები ერთხმად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ემსახურება დანაშაულებრივ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.