ირაკლი კობახიძე - კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი სამთავრობო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, პირველი ტაიმის მერე მოგებული აქვს გუნდის მწვრთნელს 7:0
შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, არის მთელი გუნდის დამსახურება, თუმცა განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას, რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ ამ სამი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა და ეს ბრძოლა დასრულდა ძალიან დიდი უპირატესობით, სამთავრობო გუნდის გამარჯვებით“.
„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი გახარია 24/7-ზე როგორც ჰქვია, იყო ყოველდღიურ რეჟიმში, დღეს და ღამეს ასწორებდა ჩართული ამ კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა და ეს ბრძოლა დასრულდა ძალიან დიდი უპირატესობით, სამთავრობო გუნდის გამარჯვებით. და დღეს, როცა ვისმენდი მე ამ დებატებს, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პირველი ტაიმის მერე მოგებული აქვს გუნდის ხელმძღვანელს, მწვრთნელს 7:00 და მწვრთნელს აკრიტიკებენ იმისთვის, რომ გუნდი სხვანაირად უნდა დაეყენებინა, სხვა მოთამაშე უნდა გამოეყვანა მოედანზე და ა.შ. 7:0 მოგებული პირველი ტაიმი. რაც არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. 7:0 არის 7:0 და ამას უნდა შეეგუოს ოპოზიცია, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ანგარიში მათთვის“,- განაცხადა კობახიძემ.