ირაკლი კობახიძე - დანიელსონის დოკუმენტი საერთოდ არ ეხებოდა არჩევნებს, რაც იმის დასტურია, რომ საპარლამენტო არჩევნები ყველას მიერ აღიარებულია
კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი საერთოდ არ ეხებოდა არჩევნებს, რაც იმის დასტურია, რომ საპარლამენტო არჩევნები არის ყველას მიერ აღიარებული, რადგან არჩევნების გაყალბების ვერც ერთი პუნქტი ვერ დამტკიცდა და ვერც დამტკიცდება, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მოდერატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გვქონდა რამდენიმე მცირე მნიშვნელობის შენიშვნა დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია, ვერ გახდებოდა წყალგამყოფი. მაგალითისთვის, ეს არის ორი მესამედით ცესკო-ს წევრების არჩევა, რაც ძალიან მარტივი საკითხია. საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად ცვლის ვითარებას საარჩევნო ადმინისტრაციაში და იმის ელემენტარულ რისკსაც კი არ ტოვებს, რომ ვინმემ განახორციელოს მანიპულაცია. ორ მესამედთან დაკავშირებით იყო მაგალითად საბოტაჟის სერიოზული რისკი და ამაზე ვუზიარებდით პარტნიორებს ჩვენს მოსაზრებებს და ამაზე გაგრძელდებოდა დისკუსია. ბუნებრივია, ასეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ვერ გახდებოდა დამაბრკოლებელი შეთანხმების გაფორმებისთვის, მაგრამ ოპოზიციამ დააყენა ულტიმატუმები ორ მთავარ საკითხზე: ერთი ეხებოდა რიგგარეშე არჩევნების თემას. მათი ულტიმატუმი ითვალისწინებდა ორიდან ერთ ალტერნატივას, ერთი – ეს იყო რიგგარეშე არჩევნების ყოველგვარი პირობის გარეშე ჩატარება, მეორე გახლდათ პლებისციტი. ეს იყო ულტიმატუმი, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს. დანიელსონის დოკუმენტი საერთოდ არ ეხებოდა არჩევნებს, რაც იმის დასტურია, რომ ეს არჩევნები არის ყველას მიერ აღიარებული, რადგან ვერც ერთი პუნქტი არჩევნების გაყალბების ვერ დამტკიცდა და ვერც დამტკიცდება, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა.
მეორე ულტიმატუმი ეხებოდა რურუას გათავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კითხვებიც დავსვით. მაგალითად, თქვენ გაქვთ კითხვაზე პასუხი: რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? იცით ეს? ხომ არ აქვს არავითარი კავშირი პოლიტიკასთან?“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
კობახიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გიორგი რურუას მიერ „საქართველოში პოლიტიკის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით“.
„პოლიტიკას აფინანსებს რურუა და დეკლარირებული არ არის? თქვენ თქვით ახლა ის, რისი თქმაც ვერ გაბედა ოპოზიციამ, მათ შორის, დახურულ სივრცეშიც კი. თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, ეს საერთოდ სხვა დანაშაულია, ბევრად მძიმე დანაშაული, ვიდრე ეს არის იარაღის უკანონო ტარება. რაც ვერ გაბედა ოპოზიციამ, თქვით თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ის უკანონოდ თუ აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში და ეს თუ ასეა, არ ვიცი, ეს არის უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
რაც შეეხება ნიკა რურუას მიერ „მთავარი არხის“ დაფინანსების საკითხს, კობახიძის თქმით, „2 500 ლარად ნაყიდი ტელევიზიის აქციები არ არის მედიის მფლობელობა და მედიის დაფინანსება“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.