ირაკლი კობახიძე - კონტრარგუმენტები თუ არ იქნება, ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება
ირაკლი კობახიძე - კონტრარგუმენტები თუ არ იქნება, ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება

ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან კონკრეტულად, რა არ მოსწონთ ამ კანონში, თუ გვეტყვიან, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, როგორ აღიქვამენ გამჭვირვალობის კანონპროექტზე მის პასუხს პარტნიორები.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისი პასუხი სიმართლეზე დაფუძნებული იყო.

„ჩემი პასუხი იყო დაფუძნებული სიმართლეზე. ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი. კანონის შინაარსი არის ჩვენს მხარეს. რატომ?! იმიტომ, რომ ერთ რამეს ითვალისწინებს ეს კანონი. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. აბსოლუტურად გაუგებარია, რა შეიძლება, იყოს ცუდი გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტში. რა არის კარგი, ეს უნდა იყოს ყველასთვის ასევე აბსოლუტურად გასაგები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონი და გვითხრან კონკრეტულად, რა არ მოსწონთ ამ კანონში. თუ გვეტყვიან, კი ბატონო, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. დღემდე ვერცერთი არგუმენტი ვერავინ წარმოადგინა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის. კონტრარგუმენტები თუ არ იქნება, ამ შემთხვევაში, ბოლომდე იქნება მიღებული კანონი, და გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი კონტრარგუმენტები ბუნებაში ვერ იარსებებს, რა თქმა უნდა, კანონის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება“, – აღნიშნა კობახიძემ.