ირაკლი კობახიძე - კონგრესში არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში დაიხურა ათამდე ტელევიზია, რჩება დსთ-ის წევრად, პლურალიზმის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, ასეთი მიდგომა არის ორმაგი სტანდარტი
ირაკლი კობახიძე - კონგრესში არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში დაიხურა ათამდე ტელევიზია, რჩება დსთ-ის წევრად, პლურალიზმის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, ასეთი მიდგომა არის ორმაგი სტანდარტი

კონგრესში განხილვის დროს არავის უხსენებია, რომ მოლდოვაში, მარტო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ათამდე მედიასაშუალება დაიხურა, რომ მოლდოვა დღემდე რჩება დსთ-ის წევრ სახელმწიფოდ, მოლდოვაში პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მიდგომა  არის აშკარა მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი.

„მოლდოვაში პრაქტიკულად აღარ არსებობს არც პოლიტიკური პლურალიზმი, არც მედიაპლურალიზმი, მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრად, მაგრამ არავინ ახსენებს ამ ფაქტებს. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ერთი მარტივი დასკვნა, საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ. სხვანაირად ვერავინ ახსნის, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. აქ ხომ ჩანს აშკარად მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი, როცა პოლიტიკური პლურალიზმი პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანაში. დსთ-ის წევრად როცა რჩება მოლდოვა და იქ არ საუბრობენ ევროპული კურსიდან გადახვევაზე, აქაც ხომ ჩანს ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია ჩამოაყალიბოს.

„ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მთავარია, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი, მიღწეულ იქნეს გადატვირთვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო, მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია ამ გადატვირთვის თვალსაზრისით. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. მათი მხრიდან თუ იქნება კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში რეალურად გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.