ირაკლი კობახიძე - ხვალ კონსენსუსის მიღწევა თუ მოხერხდება, მაშინ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს სამი მოსმენით ამ კვირაში მივიღებთ
ხვალ კონსენსუსის მიღწევა თუ მოხერხდება, მაშინ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს სამი მოსმენით ამ კვირაში მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად მოამზადეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის მხრიდან სამი რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი, რომლებიც ეხებოდა – დასაბუთებას, გასაჩივრებასა და ღია კენჭისყრას.
„სამი რეკომენდაციიდან ორი საკითხი უკვე ასახულია კანონპროექტში და ამ ორი საკითხის დეტალებზე მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება ღია კენჭისყრას, ამაზე ვთქვით, რომ ღია არის საკითხი და ამაზე მსჯელობა იქნება. ხვალ იმის საშუალება იქნება, რომ ამ საკითხებს ორი-სამი საათი დავუთმოთ. ყველანაირი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შევჯერდეთ ისეთ კანონპროექტზე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. თუ ხვალ კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება, მაშინ კანონპროექტს სამი მოსმენით ამ კვირაში მივიღებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.