პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

აღნიშნული კანონპროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი შემოდის, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლიებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დასაბუთების სტანდარტის გარდა, ასევე შესაძლებელი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან.

ინიციატორები განმარტავენ, რომ გასაჩივრების ვადების ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს კანდიდატების შერჩევის პროცესის დროში ეფექტიანობას, რათა უმართებულოდ არ გაჭიანურდეს უზენაესი სააამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცესი.