ირაკლი კობახიძე - ხელის მოწერა დოკუმენტზე, სადაც წერია, რომ 2008 წელს ესკალაცია გამოიწვია ქართული ჯარის მოქმედებებმა, არის ღალატზე მეტი, წესით, „ნაცმოძრაობას“ ერთი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე ხელმოწერის შემდეგ, სადაც წერია, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ესკალაცია გამოიწვია ქართული ჯარის მოქმედებებმა, საქართველოში ერთი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს.
კობახიძის თქმით, ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა არის ღალატი და ღალატზე ბევრად მეტიც.
„წარმოიდგინეთ, ადამიანებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც პირდაპირ წერია, რომ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო ესკალაცია გამოიწვია ქართული ჯარის მოქმედებებმა, ეს არის, უბრალოდ, კატასტროფა, ღალატზე ბევრად მეტი. კითხვაც კი არ შეიძლება არსებობდეს ამაზე, იმდენად ცხადი ღალატია მაშინ ჩადენილი. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს – რაც ჩაწერეს, რასაც ხელი მოაწერეს ან ის მართლა მოხდა, ან კიდევ ქართულ ჯარს დააბრალეს ის, რაც მას არ გაუკეთებია. ეს ღალატიც არ არის. ასეთი რეზოლუციის ხელმოწერის შემდეგ, წესით, „ნაცმოძრაობას“ ერთი მხარდამჭერი არ უნდა ჰყავდეს საქართველოში. კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, ნებისმიერ ადამიანს, კიდევ ერთხელ კარგად წაიკითხოს ევროსაბჭოს რეზოლუცია, გაიაზროს თითოეული წინადადება, რომელიც აქ არის მოცემული და საბოლოოდ განსაჯოს, „ნაცმოძრაობა“ არის თუ არა მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა. რა თქმა უნდა, ეს ასეა. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელოია, ამ ტექსტზე ხელი მოეწერა რომელიმე პოლიტიკურ ძალას და ხელისუფლებას. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები თავის დროზე, 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.