ირაკლი კობახიძე - ხედავთ, რა სტანდარტებით მოქმედებს შსს, წარსულს ჩავაბარეთ დრო, როცა აქციის მონაწილეთა მიმართ დაპირისპირება სასტიკი მეთოდებით ხდებოდა
საქართველოში ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა დემონსტრანტებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ დაპირისპირება სასტიკი მეთოდებით ხდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ დეტალებით დაინტერესდა, რომელიც დღეს მიმდინარე მოვლენებთან იყო დაკავშირებული.
„მიღებული ინფორმაცია იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედებდა. ბუნებრივია, იმის დრო გვექნება, რომ თუ დამატებით კითხვა არის, შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე დავსვათ. მოგეხსენებათ, ის პარლამენტის წინაშე გახსნილია და ყველა კითხვას უპასუხებს. ინფორმაცია რაც მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უპირველესად, ის დეპუტატ ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.
„პირველ რიგში, მელიას საქმით დავინტერესდი, რატომ მოხდა მისი გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე. საქმე პარლამენტის წევრს ეხება, რომელიც არის კონსტიტუციით დაცული იმუნიტეტით. შესაბამისად, ჩემი ვალია, დავინტერესდე პარლამენტის წევრის საკითხებით. კითხვები დავსვი და პასუხები მივიღე. ეს იყო განხილვის მთავარი თემა. წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა სასტიკი მეთოდებით ხდებოდა დაპირისპირება დემონსტრანტებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ. ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო რა სტანდარტებით მოქმედებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, აღნიშნული სრულიად სხვა სტანდარტია, რომელიც საქართველოში 2012 წელს დამკვიდრდა.
„რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს, საგამოძიებო კომისიაა შექმნილი, ამ კომისიას ყველანაირი შესაძლებლობა ექნება, ყველა კითხვა დასვას, რაც დაკავშირებულია ამ საქმის გამოძიებასთან. არავის არაფერი დასამალი და დასაფარი არ აქვს. ჩვენს ინტერესშია, რომ ამ საქმეს ნათელი მთლიანად მოეფინოს. ჩვენი მხრიდან კომისიას სრული ხელშეწყობა ექნება, კითხვები დაისმება და პასუხები გაეცემა”, – განაცხადა სპიკერმა.
ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღის მანძილზე შს მინისტრის ყოფნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია იმ პროცესებს უწევს კოორდინაციას, რომელიც დაკავშირებულია სამართლებრივი ნორმების დაცვასთან პარლამენტის შენობის გარშემო. „ლოგიკური მოვლენაა ის, რომ პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.
რუსთაველის გამზირზე დღეს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, შედეგად სულ 19 პირი დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის დეპუტატი ნიკა მელიაც იყო, თუმცა როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ნიკა მელია თავისუფალია და მისი მხრიდან სამართალდარღვევა ადგილზევე აღიკვეთა.