ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ, ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, რასაც ვერ გავიზიარებთ
ის, რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით არის ნათელი. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში და ეს საზოგადოებამ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამ ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ.
„მათ განცხადებებში უამრავი დეტალი იყო. ამ დეტალების განხილვისგან თავს ვიკავებდით და ახლაც ვიკავებთ. ამაში ვერ შევალთ, თუ შევალთ, გამოდის, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორები, რომელიც გამოქვეყნდა. ამას ვერ გავაკეთებთ და კომენტარს ვერცერთ დეტალში ვერ შევალთ. ელჩმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. რა თქმა უნდა, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას ვერც გავიზიარებთ და ვერც ლოიალურად შევაფასებთ. ის, რომ ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ეს დღესავით არის ნათელი. ესენი არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მათ აქვთ კოორდინაცია ერთმანეთში და ეს საზოგადოებამ იცის. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ელჩებზე საუბარს, ეს არასოდეს გაგვიკეთებია და ამას შეგნებულად ვაკეთებთ. შეგნებულად ზომიერი განცხადებები გვაქვს დიპლომატებთან დაკავშირებით. ეს ოთხეული ამ ქვეყნისთვის იბრძოდა და დღესაც ამ რწმენით მოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.