ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი, ისედაც ყველამ იცოდა, რომ ხაზარაძე იყო ოლიგარქი, მას პირდაპირი გავლენები აქვს ტელევიზიებზე
კეზერაშვილის შემდეგ ჩვენ გვყავს მეორე თვითაღიარებული ოლიგარქი, ისედაც ყველამ იცოდა, რომ ხაზარაძე იყო ოლიგარქი, თუმცა ეს იყო პირდაპირი აღიარება. მას, გარდა იმისა, რომ საკუთარი პარტია აქვს შექმნილი, აქვს პირდაპირი გავლენები ტელევიზიებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე არის ოლიგარქი, რომელმაც ფული, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რეკეტით იშოვა.
„ამის მიღმა, რაც ჯერ მას არ უღიარებია, ეს არის ტელეკომპანია „მთავარზე“ გავლენა. შემიძლია გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ის უხდის თვეში 200 ათას ლარს „ტვ პირველს“ და 240 ათას ლარს – „მთავარს“, რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში. ეს მას შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თემა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რომ მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა. მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ფული ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მერე სააკაშვილის რეჟიმიდანაც შოულობდა ფულს, ბიზნესის რეკეტის ფორმაში იყო ჩართული. ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც იყო დაკავშირებული ბიზნესის რეკეტთან. ამის კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ხაზარაძე, როგორც რეკეტი. ის არის ოლიგარქი და ეს იყო მისი თვითაღიარება“, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, „არტარეასა“ და „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
„გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე თუ „არტარეამ“, კულტურის მაგივრად, პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?“ – აღნიშნა ხაზარაძემ.